რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა და ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მისცა პოლიციამ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, როდესაც აქციის მონაწილეები, მშვიდობიანად, ხელაწეულები მოძრაობდნენ.
"მოთხოვნა არის დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილზე. დღესაც, ხელებაწეული ვიყავით - გვინდა რომ პოლიციამ გაგვატაროს საკუთარ მიწაზე. მათ ჩვენი შეფერხების კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ვცდილობთ ახსნა-განმარტების მიღებას პოლიციისგან თუ რატომ არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტებს გვეკრძალება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება.
აქ ვინმეს ძალადობა რომ უნდოდეს, ამას ეს ხალხი ისე გააკეთებდა, რომ არავის ნებართვა არ დასჭირდებოდა. ეს დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ჩვენი მოქმედებები არის მშვიდობიანი. ვითხოვთ რომ გაგვიშვით, ნუ აქვთ ბლოკირებული მთელი ხეობა", - ამბობს გოლეთიანი.
გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ, ენკას ოფისთან გადაინაცვლებენ და მოითხოვენ, რომ კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.
გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.
პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები.
დღეს ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ENKA გადახნა ტერიტორია, სადაც კარვები იყო განლაგებული.